გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

10 აუცილებლად სანახავი ადგილი ბორჯომში

10 აუცილებლად სანახავი ადგილი ბორჯომში

47494

ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, აქ მრავალი კულტურულ-ისტორიული ძეგლის მონახულება შეგიძლიათ.

თუ უახლოეს მომავალში ბორჯომში სტუმრობა გადაწყვიტეთ და ჯერ ზუსტად არ იცით რა უნდა მოინახულოთ, Hotsale.ge დაგეხმარებათ და შემოგთავაზებთ იმ 10 ადგილს, რომელიც ბორჯომში აუცილებლად უნდა ნახო.

ბორჯომის ცენტრალური პარკი

პარკი მდებარეობს „ბორჯომულას“ ხეობაში. აქ დააგემოვნებთ ბორჯომის ცნობილ და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალურ წყალს. მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის პარკში ფუნქციონირებს მრავალი კაფე, ატრაქციონები, საცურაო აუზები, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ასევე ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს. მისი საერთო ფართობი 107 083 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების, კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებით სარგებლობა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული ბილიკები: ლომისმთა;ლიკანის ხეობის ბილიკი;ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი;თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი;წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი;პანორამების ბილიკი;ხელუხლებელი ტყის ბილიკი;ზეკარის უღელტეხილის ბილიკი;ნაკვალევის ბილიკი;მწყემსების ბილიკი;ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი;მეღრუკის ხეობა.

მხარეთცოდნეობის მუზეუმი

 

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ–ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. შენობა, რომელშიც მუზეუმია განლაგებული რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო. იგი აშენებულია 1890 წელს გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის მიერ და უნიკალურია თავისი არქიტექტურით. დღეისათვის მუზეუმის ფონდში დაცულია 36000 სხვადასხვა სახის ექსპონატი, გახსნილია რამდენიმე სტაციონარული ექსპოზიცია: მხარის ბუნების, არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების. ექსპოზიციებში წარმოდგენილია ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები, სხვადასხვა დროს მოპოვებული ძვირფასი ექსპონატები, როგორიცაა: პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღები, მორთულობის საგნები და მრავალი სხვა.

მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი (ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი) ქ. ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფ.ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარეობს. აქ დღესაც მამათა მონასტერია, სადაც ბერები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ლოცვას აღავლენენ. IX საუკუნის ეს ძეგლი, მეცნიერთა აზრით, ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. ეკლესია მონასტრის დაარსების თანადროულია და IX საუკუნის შუახანებით თარიღდება. ის ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და დეკორი თითქმის არ გააჩნია. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.

რომანოვების სასახლე

შენობა მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. მიხეილ რომანოვის ვაჟს, ნიკოლოზს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონანტები. ლიკანის სასახლის გარშემო გაშენებულია ულამაზესი ბაღი, უნიკალური ხემცენარეებით.

ეიფელის ხიდი, კუკუშკა

გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე ე.წ ეიფელის ხიდი,რომელიც აგებულია ბორჯომ- ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე. იგი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, პარიზში დადგმული, ცნობილი “ეიფელის კოშკის” ავტორს ალექსანდრე გუსტავ ეიფელს. ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე ცემისწყალზე. ადგილზე ხიდის მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი – ბაკურიანი, პირველმა ,,კუკუშკა” მატარებელმა გაიარა. ,კუკუშკა” დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს.

ტაბაწყურის ტბა

ტაბაწყურის ტბის მიდამოებში სოფელია, რომელიც ნახევარკუნძულზეა გაშენებული და იშიფრება, როგორც ტბის(ტაბის) ყურე, რომელიც ტბაშია შეჭრილი. ტბა წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ის საკმაოდ ღრმაა. ნოემბრიდან ტერიტორია თოვლით არის დაფარული 6 თვის მანძილზე. ზაფხულში ცისფრად მოლივლივე ტბა, ნოემბერში სარკესავით იყინება. ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა თევზით მდიდარ ტბად.

ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვირგვინას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრი, კურორტ წაღვერიდან 2 კილომეტრი.სოფელში დგას XII-XIII საუკუნეებში, შალვა ახალციხელის ხელშეწყობით აშენებული, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ეკლესია. სავარაუდოდ, ეკლესიის ტერიტორიაზე უნდა იყოს დაკრძალული თავად შალვა ახალციხელიც. აქვე არის მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლებიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული. ტიმოთესუბანი წარმოადგენს ასევე დასასვენებელ კურორტს, სადაც არის ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, მინერალური წყლები. სოფელში არის საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები. ტიმოთესუბანს თუ ზაფხულის მზიან დღეებში ესტუმრებით და ამინდი ხელს შეგიწყობთ, შეგიძლიათ პატარ-პატარა გამოქვაბულები და ჩანჩქერებიც ნახოთ. მოკლედ, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დასვენება სასიამოვნოც გამოვიდეს და სასარგებლოც.

პეტრეს ციხე

მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მაღალ კლდოვან მთაზე აღმართულია შუა საუკუნეების სიმაგრე-პეტრეს ციხე. ვარაუდობენ,რომ მისი ადრინდელი სახელი იყო ყვერბილის ციხე. ციხე დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიული სოფლების ფაფისა და ნუასაკენ მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას. XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალების ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები.

კახისის, ჩიტოს და წეროს ტბა

ტბებისა და წიწვოვანი ტყეების მოყვარულებს ბორჯომის ხეობა სთავაზობს კახისის, ჩიტოს და წეროს ტბებს. ტბები განლაგებულია ხეობის მარჯვენა სანაპიროზე სოფელი ჭობისხევის თავზე. სამივე ტბა ტყით პირას მდებარეობს და ოთხივე სეზონზე ლამაზია სანახავია.

თუ ბორჯომში სტუმრობას გადაწყვეტ, რათა ამ ღირსშესანიშნავ ადგილებს ეწვიო, Hotsale.ge გირჩევთ , ჩვენს ონლაინ სივრცეს ესტუმრო და შეარჩიო სასურველი სასტუმრო შენზე მორგებული ფასითა და მომსახურებით.

#!#